სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული დაავადებები

სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დავადებები მსოფლიო ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს მოსახლეობის დროებითი შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია და რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშიც. მათ შორის ყველაზე ნაცნობი და გავრცელებულია "გაცივება" და გრიპი.

რა არის გაცივება?

სურდო, ჩახეხილი ყელი, ცემინება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სიცხე - სიმპტომები, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობ, გავრცელებულ დაავადებას - გაცივებას ახასიათებს. თითქმის ყველა ცივდება წელიწადში ერთხელ მაინც. ბავშვები კი, საშუალოდ, წელიწადში 3-6 ჯერ ცივდებიან. ეს მსუბუქი დაავადება უამრავი სამუშაო და სასწავლო დღის გაცდენის მიზეზია.

რა იწვევს გაცივებას?

"გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ, არ გადაგედება..." - ეს მოსაზრება მცდარია. პოპულარული ტერმინი "გაცივება" მოიცავს ზედა სასუნთქი გზების 200-დე სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ დაავადებას. ამ ვირუსებს ძალიან მაღალი დასნებოვნების უნარი ანუ "კონტაგიოზურობა" ახასიათებს.

"გაცივების" ყველაზე გავრცელებული გამომწვევებია:

რინოვირუსები ("რინოს" - ბერძნულად ცხვირი): იწვევს გაცივების შემთხვევათა 30-40%-ს.

კორონავირუსები -შემთხვევათა 10-20%-ს.

ადენოვირუსები, კოკსაკის, ექოვირუსები, რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) და სხვა - ეს გაცივების ვირუსთა ჯგუფების არასრული სიაა. გაცივების შემთხვევათა 30-50%-ის გამომწვევი ვირუსები დღესაც უცნობია.

შეუძლია თუა არა ცივ ამინდს გაცივების გამოწვევა?

ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სურდოს, ხველას, ყელის ტკივილს და გაცივების სხვა სიმტომებს ცივი ამინდი, ქარი, წვიმა და თოვლი იწვევს. ხანგრძლივი კვლევებით დადგინდა, რომ სიცივე და ცუდი ამინდი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ამ დაავადების ჩამოყალიბებაში.

ამინდს, ისევე როგორც სხვა ფაქტორებს: ფსიქოემოციური სტრესი, ფიზიკური გადაღლა, ცუდი კვება, ფონური ქრონიკული დაავადებები (ალერგია, ფრონტიტი, ჰაიმორიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ანუ “გლანდები" და სხვა) მხოლოდ ხელშემწყობი როლი აქვს "გაცივების" განვითარებაში. ეს ფაქტორები აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ზრდის მასში ინფექციების შეღწევადობას. ამ ფონზე ასევე აქტიურდება ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მობინადრე, პირობითად მავნე, ვირუსები, მაგალითად “რინოვირუსები".

რომელია გაცივების სეზონი?

"გაცივება" ნებისმიერ სეზონზე შეიძლება, ცხელი ზაფხულის ჩათვლით, თუმცა ყველაზე აქტიურ პერიოდებად ითვლება შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული.

სექტემბრის დასაწყისში ინფექციების მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ დროს სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იწყება სწავლა, მოსახლეობა ბრუნდება შვებულებებიდან, დაწესებულებებში, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის

სხვა ადგილებში მკვეთრად იზრდება ხალხის რაოდენობა, რაც ინფექციის გავრცელების ხარისხს ზრდის. ამას სეზონის ცვლილებაც ემთხვევა: ჰაერის ტემპერატურა კლებულობს, ქარი ამცირებს მის ტენიანობას. ცივი და მშრალი ჰაერი აშრობს და აღიზიანებს ცხვირის, პირის და თვალის ლორწოვან გარსებს და ზრდის მათში ვირუსების შეღწევადობას.

როგორ ვრცელდება ვირუსები?

"გაცივების ვირუსები"-ს წყაროს დაავადებული ადამიანი წარმოადგენს. დაავადება შეიძლება გადავიდეს:

"ჰაერ-წვეთოვანი" გზით: ცემინების, ხველის და ლაპარაკის დროს ავადმყოფი ჰაერის ნაკადთან ერთად გარემოში გამოისვრის ვირუსებს, რომლებიც, შეიძლება, ახლომახლო (1,5 მეტრამდე მანძილზე) მყოფი ადამიანების ცხვირის, პირის ღრუს და თვალების ლორწოვანზე მოხვდეს.

ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს ჰაერში შეტივტივებული ვირუსებიც, რასაც, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხის სიმჭიდროვეა.

"ხელი-პირი და ხელი-ცხვირი": დაავადებული ადამიანის ხელიდან ვირუსები ხშირად ხვდება საერთო მოხმარების საგნებზე: კარების, ონკანების სახელურები, ტელეფონი, და სხვა; აქედან კი ჯერ ჯანმრთელი ადამიანის ხელზე, შემდეგ კი პირის, ცხვირის ან თვალის ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს.

საერთო ჰიგიენური საგნების: მაგალითად, პირსახოცის, ცხვირსახოცის საშუალებით.

უშუალო კონტაქტით: მაგალითად "გაცივებული" ადამიანის კოცნა.

"გაცივებული" ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია დაავადებიდან მე-2-დან მე-4 დღემდე, როცა ცხვირის და პირის ლორწოვანში ვირუსების რაოდენობა პიკს აღწევს.

რომელია გაცივების ნიშნები?

თუ მშობელი, მასწავლებელი, ბაღის აღმზრდელი ხართ და ბავშვებთან ხშირად ურთიერთობთ, ალბათ, გეცნობათ სურათი: ჩვეულებრივ ხალისიანი, ენერგიამოზღვავებული ბავშვი მოიწყენს, ლოყები ეფაკლება, პირით სუნთქავს, ცხვირიდან გამონადენი აქვს, ჭამის მადა უქვეითდება, ჭირვეულობს. ეს ნიშნავს, რომ "გაცივების" რომელიღაც ვირუსმა შეაღწია თქვენი პატარას ორგანიზმში.

დაავადების ნიშნები, ანუ სიმპტომები ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმის "პროტესტის", "ბრძოლის" გამოვლინებაა.

სურდო: ცხვირით სუნთქვის გაძნელება - "გაჭედვა", გამონადენი და ცემინება ცხვირის ლორწოვანის შეშუპების და მის მიერ სითხის გამოყოფის შედეგია, რაც ლორწოვანში ჩაბუდებული ვირუსების გამოსადევნადაა მიმართული;

ყელის ტკივლი, "ჩახეხილი ყელი", ხველა, ცრემლდენა, თვალების წვა: ხახის, ხორხის, თვალის ლორწოვანი გარსების პასუხია ვირუსით ინფიცირებაზე (ლორწოვანი გარსები საკმაოდ მძლავრი ბარიერია და ხელს უშლის ინფექციის უფრო ღრმად შეჭრას) და ვითარდება მათი ანთების, შეშუპების და ლორწოს გაძლიერებული გამოყოფის შედეგად.

ცხელება ანუ "სიცხე": თუ ვირუსი "ავია", შეუპოვარი და ორგანიზმში ღრმად შეაღწია, იმუნური სისტემა ძალიან აქტიურდება და მთლიანად მობილიზდება ვირუსების გასანადგურებლად, რაც სხეულის ტემპერატურის მატებით, ანუ "ცხელებით" გამოიხატება. უხშირესად სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 38,50ჩ-ს, თუმცა რიგ შემთხვევებში 39-400ჩ-საც აღწევს, რაც ძირითადად ბავშვებისთვისაა დამა-ხასიათებელი. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის ამ ბუნებრივ რეაქციას ხელი გაუმართლებლად და უხეშად არ უნდა შევუშალოთ (იხილეთ ქვემოთ).

ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უმადობა, ზოგჯერ ღებინება,ოფლიანობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, ჩვეულებრივ სუსტადაა გამოხატული.

გაცივების სიმპტომები 2-დან 14 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. შემთხვევათა 2/3-ში დაავადების ხანგრძლივობა 5-7 დღეა. თუ სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, სავარაუდოა სხვა, როგორც წესი, ბაქტერიული ინფექციის ზედდება ან ეს შეიძლება სეზონური, ალერგიული სურდოს გამოვლინება იყოს.

მოკლედ გრიპის შესახებ

გრიპი მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მე-20 საუკუნის ბოლოს მსოფლიოში გრიპის რამდენიმე ეპიდემია მძვინვარებდა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგალითად:

  • 1918 წელს ცნობილმა "ესპანურმა" გრიპმა 20 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1957 და 1968 წლებში მძვინვარებდა ჰონგ-კონგის ვირუსი, რასაც მხოლოდ ამერიკაში რამდენიმე ასეული ათასი მსხვერპლი მოჰყვა.
გრიპი, აგრეთვე, ვირუსული დაავადებაა. მისი მიმდინარეობა "გაცივებასთან" შედარებით ბევრად მძიმე, რამდენადმე განსხვავებული და გახანგრძლივებულია. მისი გამომწვევია გრიპის, ანუ "ინფლუენცას" ვირუსი. ინფექციის წყარო აქაც დაავადებული ადამიანია. გადაცემის გზები იგივეა, რაც "გაცივების" დროს.

გრიპი სიცოცხლისათვის საშიშიც შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვებისა და მოხუცებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების ფონზე იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული.

ბავშვებში გრიპი მძიმედ მიმდინარეობს. ხშირია გართულებები: პნევმონია, კრუპი, ოტიტი, ანუ ყურის ანთება, კრუნჩხვები მაღალი სიცხის ფონზე, ერთ-ერთ საშიშ გართულებას მიეკუთვნება "რეიეს სინდრომი" (იხილეთ ქვემოთ).

სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების მკურნალობა

ვირუსული დავადების მიზეზთან ბრძოლა რთულია, რადგან გაცივებისა და გრიპის საწინააღმდეგო ეფექტური წამლები თითქმის არ არსებობს. ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლას ორგანიზმი თვითონ ახერხებს. ჩვენ მას ამ ბრძოლაში ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ უხეშად

ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ორგანიზმის ბრძოლის უნარის ამაღლება:

სასურველია სიმშვიდე, წოლა და საკმარისი ძილი: დღე-ღამეში 8-10 საათი მაინც;

ეცადეთ არ "მოაცდინოთ" ვირუსთან ბრძოლით დაკავებული ორგანიზმი ზედმეტი წამლების და საკვების მონელებაზე. ნუ დააძალებთ ჭამას, მიეცით მხოლოდ აუცილებელი საკვები, ძირითადად, ცილოვანი და ნახშირწყლოვანი პროდუქტი: რძის ნაწარმი, ბულიონი, ხილი, ბოსტნეული და სხვა. ამ დროს მადის დაკარგვა ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. მაგალითად, ცხოველები საერთოდ წყვეტენ საკვების მიღებას ავადმყოფობის პერიოდში.

საკმაო რაოდენობით თბილი სითხის მიღება: 1-3 ლიტრი/დღეში ასაკის, წონის და ფონური ჯანმრთელობის გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ საჭიროა მაღალი სიცხის და ოფლიანობის შედეგად დაკარგული სითხის შევსება. გარდა ამისა შარდვის გაძლიერება ორგანიზმს ვირუსის "ნამოქმედარის" შედეგად დაგროვებული შხამების გამოტანაში ეხმარება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული "ალტერნატიული" სამკურნალო საშუალებები:

  • ნივრის შემცველი ტაბლეტები, ნივრის წვენი როგორც დასალევად, ისე ცხვირში ჩასაწვეთებლად.
  • ექინაცეას და ცინკის შემცველი პრეპარატები;
  • ვიტამინი "C" და მისი შემცველი პროდუქტები: ხილი, ბოსტნეული. ტაბლეტირებული "C" ვიტამინის დიდი დოზებით და დიდხანს მიღება არაა გამართლებული, საკმარისია შევასრულოთ დღიური ნორმა: 600-800 მგ/დღეში.

მოერიდეთ ყავას, მაგარ ჩაის, გაზიან: ფანტა, კოკა-კოლა და სპირტიან სასმელებს.

თუ ეწევით თამბაქოს, გირჩევთ შეწყვიტოთ და მოერიდოთ სხვა მწეველებსაც. თამბაქოს ბოლი, აღიზიანებს სასუნთქ გზებს და დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს.

გრიპია, უბრალო გაცივება, თუ ალერგიული სურდო?

რით შევამსუბუქოთ გაცივების სიმპტომები?

სურდოს, ცემინების, ცრემლდენის, ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება როგორც წამლები, ისე სხვა საშუალებები:

ცხვირის გამორეცხვა თბილი სოდიანი ან მარილიანი ხსნარით იაფი, უვნებელი და ეფექტური მეთოდია მოზრდილთათვის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანთა უმრავლესობა ცხვირს არასწორად იხოცავს. არ შეიძლება ორივე ნესტოს ერთდროულად მოხოცვა, რადგან ცხვირის ღრუში განვითარებული მაღალი წნევის შედეგად ინფექცია შეიძლება ცხვირის დანამატ წიაღებში გავრცელდეს. ეს საშიშროება ბავშვებში უფრო მეტია, რადგან მათი ცხვირხახის ყურთან, ჰაიმორის და შუბლის წიაღებთან დამაკავშირებელი ხვრელები ფართოა. ადრეული ასაკის ბავშვებს ცხვირში შეიძლება ხილის (ვაშლის, სტაფილოს) წვენები, სოდიანი და მარილიანი ხსნარი ჩავაწვეთოთ.

ინჰალაცია და ყელში თბილი სავლები: შეიძლება გამოვიყენოთ გვირილის, შალფეის, ევკალიპტის ნაყენი, სოდიანი ხსნარი;

ცრემლდენისა და თვალის ლორწოვანის გაღიზიანებისას შეიძლება ქუთუთოები ჩაის სუსტი ნაყენით დასველებული სუფთა დოლბანდით გარეთა კუთხიდან შიგნითკენ გაიწმინდოთ.

"გაცივების სამკურნალო" პრეპარატებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია:

ცხვირის წვეთები: დღეს აფთიაქებში, მეტ-ნაკლებად ეფექტური, უამრავი დასახელების წვეთები იყიდება. თქვენთვის საჭირო პრეპარატი, უმჯობესია, ექიმის დახმარებით შეირჩიოთ. ცხვირის წვეთები ფრთხილად, შეზღუდულად უნდა იხმაროთ, რადგან ცხვირის ლორწოვანის ზედმეტი გამოშრობა ხელს უწყობს მისი სხვა ვირუსებით და ბაქტერიებით დაინფიცირებას.

ლორწოვანი გარსის შეშუპების შემამცირებელი პრეპარატები, ე.წ. "დეკონგესცანტები": მაგალითად ფსევდოეფედრინი.

ანტიალერგიული პრეპარატები, ე.წ. "ანტიჰისტამინურები": მაგალითად სუპრასტინი, ტავეგილი და სხვა.

სიცხის დამწევად და ტკივილ-გამაყუჩებლად ფართოდ იყენებენ პარაცეტამოლის და ასპირინის შემცველ პრეპარატებს, საბავშვო არომატიზირებული სიროფების, აბების თუ სანთლების სახით. თუმცა, მათი შეუზღუდავი მიღება არც თუ უსაფრთხოა (ამის შესახებ იხილეთ ქვემოთ).

რა მოვუხერხოთ ხველას?

ხველა შეიძლება დაავადების სიმპტომთაგან ყველაზე დიდხანს გაგრძელდეს, განსაკუთრებით ბავშვებში. ის უხშირესად ზედა სასუნთქი გზების: ხახის, სასულეს (ტრაქეა), გაღიზიანების ნიშანია და არა ბრონქიტის ან ფილტვების ანთების.

დიდი რაოდენობით თბილი სითხე და ინჰალაცია ევკალიპტის, სოდიანი და სხვა ხსნარებით ამსუბუქებს ხველას.

თუ ხველა მშრალია, შეიძლება მივიღოთ ხველის დამთრგუნველი წამლები. თუ ავადმყოფს ნახველი აქვს, შეიძლება მცენარეული ამოსახველებლებიც მივცეთ: ალთეს ნაყენი, მუკალტინი.

შესაძლებელია გამოვიყენოთ ადგილობრივი მცენარეული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (პიტნიანი, ევკალიპტიანი და სხვა), რომლებიც საწუწნი აბების, დრაჟეების და აეროზოლების სახით იყიდება.

აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია გართულებების: ბრონქიტისა და პნევმონიის გამოსარიცხად.

მშობლებო, გახსოვდეთ!

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ:

  • თქვენი "გაცივებული" ან "გრიპიანი" ბავშვი სამ თვემდე ასაკისაა;
  • აქვს 39°C და უფრო მაღალი სიცხე;
  • ცხელება გრძელდება 5 დღეზე მეტხანს;
  • ცხელების ფონზე მას აქვს თავის ძლიერი ტკივილი, კისრის გაშეშება, კისრის და იღლიის ჯირკვლების გადიდება, ცნობიერების დაბინდვა.

ბავშვებისათვის მედიკამენტების მიცემა მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ შეიძლება.

მივიღოთ თუ არა ანტიბიოტიკები?

მარტივი "გაცივებისა" და თუნდაც გრიპის შემთხვევაში თავიდან ექიმი, ჩვეულებრივ, არ დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს. ნუ გგონიათ, რომ მას ეს “დაავიწყდა" ან საამისოდ ცოდნა არ ეყო. ის სწორად მოიქცა, რადგან:

ანტიბიოტიკები "არ კლავს" ვირუსებს. ისინი ბაქტერიების და ბაქტერიის მსგავსი მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფიკური საშუალებებია, ანუ: გარკვეულ ბაქტერიებზე გარკვეული ანტიბიოტიკები მოქმედებს, თანაც ისინი, აუცილებლად, საკმარისი დოზით და საკმარისად ხანგრძლივად უნდა დაინიშნოს.

გაუმართლებლად და არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკი არა მხოლოდ უეფექტოა, არამედ, შემდგომში, რეალური საჭიროებისას, სხვა ინფექციებთან ბრძოლაშიც გვიშლის ხელს - შეიძლება განვითარდეს ბაქტერიების მაღალი გამძლეობა არასწორად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ.

ანტიბიოტიკების წინასწარ დანიშვნა პროფილაქტიკის მიზნით გაუმართლებელია, რადგან ის თავიდან ვერ აგაცილებთ მეორადი ბაქტერიული ინფექციის ზედდებას.

სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადების ფონზე ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიული ინფექციით გართულების დროს ინიშნება.მისი შერჩევა საკმაოდ რთულია და ეს მხოლოდ ექიმს შეუძლია სპეციალურ გამოკვლევებზე დაყრდნობით.

ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და ნუ მისცემთ ავადმყოფს ანტიბიოტიკს ექიმის კონსულტაციის გარეშე. ამითი მას შეიძლება მხოლოდ ზიანი მოუტანოთ!

დავწიოთ თუ არა სიცხე?

"სიცხე" ანუ "ცხელება" არის ორგანიზმის ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გამოხატულება. სიცხე ნიშნავს სხეულის ტემპერატურის 37°ჩ-ს ზემოთ აწევას. ორგანიზმი ტემპერატურის მატებით ვირუსებს სიცოცხლისა და გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემოს უქმნის. ჩვეულებრივ, დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სიცხე თავისით იწევს დაბლა, ნორმამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი დამარცხებულია და იწყება გამოჯანმრთელება.

ახალგაზრდა ჯანმრთელი ორგანიზმი, ჩვეულებრივ, კარგად იტანს ცხელებას 39°ჩ-მდე. მისი “იძულებით" ჩამოწევა სიცხის დამწევი წამლებით არ ნიშნავს მკურნალობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნუ ჩამოართმევთ ორგანიზმს “ბრძოლის იარაღს". თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს, მოხუცებსა და ქრონიკულად მოავადე დასუსტებულ ადამიანებს მაღალი ცხელების ფონზე შეიძლება განუვითარდეთ ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანების ნიშნები, მაგალითად: თავის ძლიერი ტკივილი, აგზნება, კრუნჩხვა და ა.შ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის გადაუდებელი ჩარევა და მის მიერ ხდება ტემპერატურის დასაწევი სამკურნალო ღონისძიებების შერჩევა. 39°ჩ-ზე და ზევით ცხელების შემთხვევაში, ტემპერატურის დაწევის მიზნით და შინაგანი ორგანოების გადახურების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია გამოვიყენოთ გრილი სველი საფენები თავის, კიდურების, ჭიპის ირგვლივ არეში. ძალიან მაღალი ცხელების შემთხვევაში შეიძლება ბავშვი მთლიანად შევახვიოთ სველ ცივ ზეწარში. ან პირსახოცში.

სიცხის დამწევი მედიკამენტებიდან ყველაზე მიღებულია პარაცეტამოლის შემცველი ტაბლეტები, სიროფები და ფხვნილები.

ექიმის დანიშნულების გარეშე 16 წლამდე ბავშვებს არ მისცეთ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავას) შემცველი წამლები. დადგენილია, რომ ვირუსული დაავადების ფონზე ისინი ზრდის ზოგიერთი იშვიათი, თუმცა საშიში დაავადების რისკს. ასეთია, მაგალითად, ეგრეთ წოდებული “რეიეს სინდრომი", რაც თავის ტვინის, ღვიძლის, თირკმლის და სხვა ორგანოების მძიმე დაზიანებით მიმდინარეობს. გარდა ამისა ამ მედიკამენტებს თავისთავად შეუძლია დააზიანოს ინფექციით ისედაც შეწუხებული თირკმელები, ღვიძლი და გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. (არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ცხელების ფონზე ასპირინის მიღებისას შეიძლება გულყრა ან კრუნჩხვა განვითარდეს).

რაც შეეხება ანალგინს, საყურადღებოა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ის დიდი ხანია საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან ორგანიზმზე მისი მავნე გავლენის გამო.

რით შეიძლება გართულდეს "გაცივება":

თუ მწვავე რესპირატორული დაავადება 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა და მით უმეტეს, თუ მას სხვა ჩივილებიც დაემატა, საეჭვოა, რომ განვითარდა სასუნთქი სისტემის ბაქტერიული ინფექცია და ჩამოყალიბდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გართულება:

ცხვირის დანამატი წიაღების ანთება: ფრონტიტი, ჰაიმორიტი. ახსიათებს ტკივილი შუბლის არეში და უხვი მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან. ავადმყოფი საჭიროებს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაციას.

ყურის ანთება, ანუ ოტიტი. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ახასიათებს ყურის ტკივილი, ცხელება, ხანდახან ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან. ასევე აქაც საჭიროა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის გადაუდებელი კონსულტაცია.

მწვავე ბრონქიტი, ანუ ჰაერგამტარი გზების - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება; ახასიათებს ნახველიანი ხველა, ცხელება (სხეულის ტემპერატურა ჩვეულებრივ, 38-38,5°C-ს არ აღემატება), ოფლიანობა, სისუსტე. დიაგნოზს სვამს და მკურნალობას ნიშნავს ექიმი ფილტვების მოსმენის, სისხლის ანალიზის საფუძველზე.

მწვავე პნევმონია, Aანუ ფილტვების ანთება: ახასიათებს მაღალი ცხელება (როგორც წესი, 38°ჩ-ზე მეტი), ხველა ნახველით, ძლიერი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, უმადობა... დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. მკურნალობაში აუცილებლად ერთვება ერთი ან მეტი ანტიბიოტიკი. საჭირო გამოკვლევებს შორის ინიშნება ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

ორიოდე სიტყვა "უსიცხო ფილტვების ანთების" შესახებ:

ეს "ტერმინი" ჩვენში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და შეცდომაა. ფილტვების ანთება უსიცხოდ იშვიათად მიმდინარეობს და ისიც მძიმე ქრონიკული დაავადებებით დაუძლურებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებში. თავისთავად ტერმინი არაფერს დააშავებდა, რომ არა მისგან გამომდინარე არასწორი მკურნალობა. ამ მცნების ქვეშ, როგორც წესი, სხვა დაავადებები იმალება, რაც პაციენტისადმი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. თუ ამ ტერმინს კიდევ სიტყვა “ორმხრივიც" დაემატა ავადმყოფი კარგადაა გამოსაკვლევი, რათა არ გაგვეპაროს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა და სხვა.

შესაძლებელია თუ არა მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა?

დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები: არასოდეს შეეხოთ დაუბანელი ხელით პირის, ცხვირის და თვალების ლორწოვან გარსს. გახსოვდეთ, რომ საზოგადოებრივი ადგილების საერთო მოხმარების საგნები: კარის, ონკანის სახელურები, ტელეფონის ყურმილი, ფული, ვირუსული ინფექციების პოტენციური გადამტანია.

ისუნთქეთ ცხვირით. ცხვირში ჰაერი თბება, ტენიანდება და სუფთავდება მტვრისა და მიკრობებისაგან. პირით სუნთქვისას კი სასუნთქ გზებში ადვილად ხვდება ინფექცია. თუ ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს და დროულად იმკურნალეთ.

ეცადეთ ფეხები თბილად და მშრალად გქონდეთ. ფეხის სიცივე ვირუსულ დაავადებას, რა თქმა უნდა, არ იწვევს, მაგრამ შეიძლება დააქვეითოს დაავადებისადმი წინააღმდეგობის უნარი.

თუ ოჯახის წევრი ავადაა, ეცადეთ შეუქმნათ იზოლირებული გარემო: ცალკე ოთახი, ინდივიდუალური ჭურჭელი და ტუალეტის ნივთები: პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვა. მოარიდეთ მას ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით ბავშვები. მასთან ოთახში შესვლისას გაიკეთეთ ნიღაბი.

ეცადეთ ცივ სეზონში თქვენი ბინა გაათბოთ თანაბრად, ხშირად გაანიავოთ და ჰაერი არ გამოაშროთ, რადგან გამომშრალ ლორწოვან გარსებში ინფექცია ადვილად აღწევს. სასურველია იხმაროთ დამტენიანებელი გამათბობლები და კონდიციონერები. შეიძლება ჩვეულებრივ გამათბობელთან ახლოს დადგათ თავღია წყლიანი ჭურჭელი.

ვირუსების მაღალი აქტივობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ ნიორი, ხახვი, ალტერნატიული მედიკამენტები: ექინაცეას, ცინკის შემცველი პრეპარატები, _ ექიმთან შეთანხმებით.

გქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი: ბევრი იმოძრავეთ, იკვებეთ რაციონალურად, ნუ მოსწევთ თამბაქოს, მოერიდეთ ზედმეტ ალკოჰოლს, ჭარბ წონას.

გრიპის პროფილაქტიკის თანამედროვე ეფექტური ღონისძიებაა აცრა. ის ტარდება ეპიდემიის საშიშროების დროს, მკაცრად ექიმის დანიშნულებით და მისივე მეთვალყურეობის ქვეშ.

ამ ბროშურაში არსებული ინფორმაცია არაა საკმარისი ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების სრულყოფილი მკურნალობისათვის. ჩვენ მხოლოდ იმ მარტივ საშუალებებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ექიმთან მისვლამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დაავადების სწორად, გაურთულებლად წარმართვის მიზნით უმჯობესია პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართოთ ექიმს.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების დროული და სწორი მკურნალობა შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას და დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association